ვაქცინები და ქართული ბეჭდური მედია
დავით რობაქიძე
2021 წელს COVID19-ის საწინააღმდეგო სხვადასხვა ვაქცინის წარმოებისა და გავრცელების პარალელურად, ამ თემით ქართული მედიის დაინტერესება განსაკუთრებით გაიზარდა. “ალია”, “საქინფორმი”, “საქართველო და მსოფლიო” და “ასავალ-დასავალი” პანდემიის გამოჩენიდან აქტიურად ავრცელებენ დეზინფორმაციას ერთი მხრივ, რუსული და ჩინური ვაქცინების რეკლამირების, მეორე მხრივ კი დასავლური ვაქცინების დისკრედიტირების მიზნით.

საქართველოში კონკრეტული ვაქცინების შემოტანამდე პრესაში გავრცელებული დეზინფორმაციის ორი ძირითადი მიმართულების გამოყოფა შეგვიძლია:

მათგან პირველი ანტივაქსერული კამპანიაა, რომლის მიზანიც ნებისმიერი ვაქცინის დისკრედიტირება და საზოგადოებაში ვაქცინის მიმართ შიშის გაჩენაა. ეს კამპანია შემდეგ ნარატივებს აერთიანებს:

  • პანდემია ხელოვნურადაა შექმნილი და გავრცელებული
  • ვაქცინები საკმარისად არაა გამოცდილი, რადგან მის შექმნას წლები სჭირდება
  • ვაქცინები აბორტირებული ემბრიონის უჯრედებს შეიცავს

ხოლო მეორე მხარეს ვხედავთ რუსული და ჩინური ვაქცინების რეკლამირებას, სტატიებს მათი ეფექტური გამოცდებისა და სხვადასხვა ქვეყნის მიერ რუსული და ჩინური ვაქცინების წინასწარი დაჯავშნის შესახებ.

მომდევნო თვეებში სიტუაცია იცვლება - საქართველოში ასტრაზენეკას და ფაიზერის ვაქცინები შემოდის, რასაც მოყვება კონკრეტულად ამ ვაქცინების დისკრედიტაციის მცდელობები და მათი არაეფექტურობის წარმოჩენის მცდელობა რუსული ვაქცინის ფონზე.

ანტივაქსერული კამპანიის ძირითად ნარატივებზე მაიმონიდის ჰოსპიტალის კარდიოლოგს, ნანა გეგეჭკორს გავესაუბრეთ:
ირინე გოგოსაშვილი, ჟურნალისტი:
„იმ მოკლული ბავშვის (ინდოელი იქნება ის თუ ჩინელი) სულ მცირე „სავაქცინო ნიმუში“ რა ცვლილებებს გამოიწვევს ჩვენს ფეხმძიმე ქალებში, ბავშვებში, მოზარდებში და ჯერ კიდევ ჩაუსახავ თაობებში, ამაზე გიფიქრიათ?”

გიორგი გიგაური, ჟურნალისტი:

“როგორც აღმოჩნდა, ვაქცინას უკუჩვენებები აქვს, რომლებიც შემდეგ გამოვლინდა. ვერ ჩატარდა შესაბამისი კვლევა უკუჩვენებებზე და ეს იმიტომ, რომ დრო არ ეყოთ მეცნიერებს”
ბესო ბარბაქაძე, ჟურნალისტი:
“ვირუსი გავრცელდა მიზანმიმართულად და მასშტაბურად, რათა პროცესი შეუქცევადი ყოფილიყო, მთელი მსოფლიო მოეცვა და შეხებოდა ყველას”
ფაიზერი
ფაიზერის ვაქცინის მაღალი ეფექტურობის გამო, ავტორები ან საერთოდ არ ახსენებენ მას ვაქცინების შედარებისას ან სტატისტიკურ მონაცემებს ყურადღების მიღმა ტოვებენ და ფაიზერის დისკრედიტაციის სხვა გზებს გვთავაზობენ:

  • ფაიზერის ვაქცინა სხვა ვაქცინებზე ძვირია
  • საქართველო ფაიზერის ვაქცინას სათანადო ტემპერატურაზე ვერ შეინახავს
  • ვაქცინა არაა სათანადოდ გამოცდილი გრძელვადიან პერსპექტივაში

ამასთან, ნარატივი “განადგურებული ემბრიონის უჯრედების” შესახებ ფართოვდება და რამდენიმე სტატიაში ვხვდებით ინფორმაციას, რომ ფაიზერის მწარმოებლები არალეგალურად ახორციელებდნენ ტესტირებებს ადამიანებზე.

“აიცერით მკვდარი ჩვილებისა და მაიმუნების სისხლზე დამზადებული ვაქცინით!”
არნო ხიდირბეგიშვილი
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
სინამდვილეში, ფაიზერის სახელით ცნობილი ვაქცინა, რომელიც ამერიკულმა კომპანია Pfizer-მა და გერმანულმა მწარმოებელმა - BioNtech-მა აწარმოეს, დღემდე კორონავირუსის წინააღმდეგ ყველაზე წარმატებულ ვაქცინად რჩება. აღნიშნული ვაქცინა იყო პირველი, რომელმაც წარმატებით დაასრულა კვლევის სამი ძირითადი ფაზა:
ამ ფაზებდან პირველში ვაქცინას იღებს მოხალისეთა ძალიან მცირე ჯგუფი, წარმატების შემთვევაში, უკვე მეორე ფაზაში ვაქცინას უკეთებენ იმ ადამიანებს, რომელთა ასაკი და ფიზიკური მონაცემები მიახლოებულია ვაქცინის სამიზნე ჯგუფთან, ხოლო ამ ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ, ვაქცინას რამდენიმე ათასი მოხალისე იკეთებს.
შესაბამისი კვლევის შემდეგ 2020 წლის 11 დეკემბერს ამერიკის საკვებისა და მედიკამენტთა ადმინისტრაციამ (FDA) ფაიზერის ვაქცინას გადაუდებელი საჭიროების ავტორიზაცია (EUA) მიანიჭა.
21 დეკემბერს ევროპის წამლების სააგენტომ (EMA) ფაიზერის ევროკავშირის ქვეყნებში გამოყენების რეკომენდაცია გასცა.

გარდა ფაიზერისა, კვლევის იგივე ეტაპები გაიარა ყველა იმ ვაქცინამ, რომელსაც უკვე აქვს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ავტორიზაცია. შესაბამისად მტკიცება, რომ ვაქცინები არასათანადოდაა გამოცდილი, მცდარია.
ასტრაზენეკა
ქართულ ბეჭდურ მედიაში თებერვლის თვემდე ასტრაზენეკას დიდი ყურადღება არ ეთმობოდა და შეფასებები შედარებით ნეიტრალური იყო, მარტის თვიდან კი მედია-საშუალებებმა ვაქცინის შესახებ დესტრუქციული მოსაზრებების გავრცელება დაიწყეს იმის შესახებ, რომ ასტრაზენეკას ვაქცინა მხოლოდ მას შემდეგ შეგვხვდა, რაც სხვა ქვეყნებმა მისი გამოყენება არ ისურვეს და რომ ის აბორტირებული ემბრიონის გენებს შეიცავს .
„უკვე აგორდა ჭორი სოციალურ ქსელში, იმასთან დაკავშირებითაც, რომ საქართველომ ასტრაზენეკას მისთვის გამოყოფილი დოზა კი არ მიიღო, არამედ, იმ ქვეყნებმა მოგვიგდეს, სადაც შეჩერდა ამ ვაქცინით მოსახლეობის აცრა!“
—თამო კეშელავა, ჟურნალისტი, ალია
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჯერ კიდევ მარტში გააკეთა განცხადება, რომ პანიკის რეალური საფუძველი არ არსებობდა და მხარი დაუჭირა ასტრაზენეკას გამოყენების გაგრძელებას, თუმცა ქართულ პრესაში ვაქცინის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას ამან ხელი ვერ შეუშალა.

რაც შეეხება ასტრაზენეკას და ზოგადად, ვაქცინების შექმნის პროცესში “აბორტის შედეგად განადგურებული ემბრიონის” უჯრედების გამოყენებას - Hek - 293 არის ემბრიონის უჯრედული ხაზი, რომელიც 1960-1970-იან წლებში ლეიდენის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ემბრიონებისგან მოიპოვეს. აბორტები განხორციელდა კვლევისგან დამოუკიდებელი მიზეზებით და მშობლის თავისუფალი ნებით. მას შემდეგ ეს უჯრედული ხაზი ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა ვაქცინის გავლენის შესასწავლად ცოცხალ ქსოვილზე. აღსანიშნავია, რომ მეცნიერები კვლავ იყენებენ გასულ საუკუნეში მოპოვებული უჯრედების მომდევნო თაობებს და ახალი ემბრიონის მოპოვების საჭიროება არ არსებობს.
აღნიშნული უჯრედები გამოიყენება ვაქცინის გამოცდის ძალიან ადრეულ პროცესში, კვლევის კლინიკური ეტაპის დაწყებამდე და ის არ ხდება ვაქცინის ნაწილი.
ჩინური ვაქცინები
ჩინური ვაქცინების - სინოფარმისა და სინოვაკის მიმართ ქართულ პრესაში დამოკიდებულებები არაერთგვაროვანია - ფაიზერთან, ან სხვა დასავლური წარმოების ვაქცინებთან შედარებისას ავტორები ხაზს უსვამენ ჩინური ვაქცინების უპირატესობას, ხოლო რუსულ ვაქცინებთან შედარებისას ისინი ჩინურ ვაქცინების ნაკლებ ეფექტიანობასა და უხარისხობაზე საუბრობენ.

მაგალითად: იანვრის გამოცემებში ”საქინფორმის” რედაქცია პირდაპირ მოწოდებას ავრცელებდა პრემიერისადმი ჩინური ვაქცინის შესაძენად, რომელიც მათი მტკიცებით, ფაიზერზე ეფექტურია და არაერთი ქვეყნის ნდობა დაიმსახურა , თუმცა უკვე აპრილში საქინფორმის მთავარი რედაქტორი აღწერს როგორ შეიძინა თურქეთმა რუსული ვაქცინა, რადგან ჩინურმა შედეგი ვერ გამოიღო.
ჩინური ვაქცინების მიმართ დამოკიდებულების ასეთი მკვეთრი ცვლილების ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უკვე ორივე ჩინურ ვაქცინას მიანიჭა ავტორიზაცია - სინოფარმს 7 მაისს და ის 40-ზე მეტ ქვეყანაში გამოიყენება, ხოლო სინოვაკს - 1 ივნისს და ის უკვე გამოიყენება 25 ქვეყანაში, მაშინ, როცა რუსულ ვაქცინას მსგავსი აღიარება არ მოუპოვებია, შესაბამისად პროპაგანდისთვის საჭირო გახდა დასავლურ ვაქცინებთან ერთად ჩინური ვაქცინის დისკრედიტირებაც. 

კიდევ ერთი ფაქტორი, რაც ჩინეთის მიმართ უნდობლობას აღვივებდა, პანდემიის წარმოშობასთან დაკავშირებული კითხვები იყო. როგორც აღვნიშნეთ, ანტივაქსერული კამპანიის ერთ-ერთი ძირითადი ნარატივი იყო ის, რომ პანდემია ხელოვნურად გავრცელდა. სინამდვილეში, ზუსტი პასუხი ამ საკითხზე დღემდე არ არსებობს, აღნიშნული საკითხი პანდემიის დასაწყისშივე გახდა პოლიტიკური დაძაბულობის მიზეზი ჩინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, თუმცა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აგრძელებს კვლევას, რათა დაადგინოს ვირუსის წარმოშობისა და გავრცელების რომელი სცენარი შეესაბამება სინამდვილეს. 

რუსული ვაქცინები
ყველა სხვა ვაქცინისგან განსხვავებით, განწყობები რუსული ვაქცინის მიმართ თითქმის იდენტურია და წლის დასაწყისიდან არ შეცვლილა. ქართულ მედიაში იხატება რუსეთის - როგორც მსოფლიოს მხსნელის, ხოლო რუსული ვაქცინების, როგორც პანაცეის სახე პანდემიასთან ბრძოლაში.

“საქინფორმი” სპუტნიკ V-ის შექმნამდე ეწეოდა მის პოპულარიზაციას, ამტკიცებდა, რომ ვაქცინა ყველა კვლევაში საუკეთესო შედეგს აჩვენებდა და არაერთი ქვეყანა ვაქცინის დოზებს წინასწარ ჯავშნიდა.

იმის შემდეგ, რაც ცხადი გახდა, რომ გამოვლენილი ხარვეზების გამო ვაქცინისთვის ავტორიზაციის მინიჭება შედარებით გვიან, ან საერთოდ არ მოხდებოდა, ნარატივები შეიცვალა და მედიაში გაჩნდა მოსაზრებები, რომ რუსული ვაქცინა მხოლოდ მისი წარმოშობის ადგილის გამო იჩაგრება და საკითხი ცალსახად პოლიტიკურია.

ამ ნარატივის ნაწილია “საქართველო და მსოფლიოს” არაერთი სტატია, სადაც ვაქცინა რუსული რბილი ძალის ნაწილად განიხილება, მასზე უარის თქმა კი მცდელობად - არ შეუწყონ ხელი რუსეთის ეკონომიკურ გაძლიერებას.

კიდევ ერთი ნარატივის მიხედვით, ქართველი მოსახლეობის უმრავლესობას რუსული ვაქცინით აცრა უნდა, მაგრამ მთავრობა არჩევანის თავისუფლებას ზღუდავს.

საქართველო და მსოფლიო, ნიკა კორინთელი

“სპუტნიკ V” რუსეთის ეფექტიან “რბილ ძალად” იქცა”

ალია, ანი დვალიშვილი

„რაც შეეხება გამოსავალს. საუბარია რუსულ ვაქცინაზე, რომლის შეძენის განაცხადი უკვე გააკეთა თურქეთმა და ბელორუსმა”
საქინფორმი, არნო ხიდირბეგიშვილი

“საქართველოს მოსახლეობისთვის რუსულ ვაქცინაზე უარის თქმა არის ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა”
საქართველო და მსოფლიო, ბესო ბარბაქაძე

"სხვათა შორის, ვაქცინაცია დაიწყო რუსეთშიც და იქ სიკვდილიანობის მაჩვენებელი პრაქტიკულად არ არის”
ევროკავშირში არ არსებობს ერთიანი პოზიცია რუსული ვაქცინის სანდოობასთან დაკავშირებით. სპუტნიკ V-ს ჯერ არ მიუღია ავტორიზაცია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისგან.
ევროპის წამლების სააგენტომ ჯერ კიდევ მარტში დაიწყო სპუტნიკ-V-ის შემოწმება, თუმცა რეკომენდაცია მის გამოყენებაზე ჯერ კიდევ არ გაუცია. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს:
  • ვაქცინის შექმნის პროცესი არაგამჭვირვალე იყო და ცალკეულ შემთხვევებში მიმდინარეობდა პროტოკოლის დარღვევით.
  • არსებობს ეჭვები, რომ რუსეთი ჰაკერული თავდასხმებით ცდილობდა სხვა მწარმოებლებისგან ინფორმაციის მოპოვებას
  • ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, ვაქცინის კლინიკური გამოცდის მონაწილე სამხედროების ნაწილი პროცესში საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ ჩართეს.
This site was made on Tilda — a website builder that helps to create a website without any code
Create a website